ამერიკის ხმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარს აქვეყნებს.
ამერიკის ხმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ იმედგაცრუებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეუთანხმებლობის გამო, რაზეც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა, მათი თქმით, ხელისუფლებას აკისრია.
„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას.
კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
სატელეფონო საუბრის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც ზალკალიანი წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საქართველოს უსაფრთხოების და დემოკრატიის კონსოლიდაციის შესახებ ისაუბრა.
“სახელმწიფო მდივან ბლინკენთან შესანიშნავი საუბარი მქონდა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ. აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, კრიტიკული მნიშვნელობისაა და მტკიცე რჩება. ველოდებით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის გასაძლიერებლად“, - დაწერა ზალკალიანმა.