საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოსო ტყემალაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა.
ტყემალაძე მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. განმეორებითი არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა, ჯამში 42-მა (74-იდან) პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია.
17 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე რეგისტრაცია, პროცედურული დარღვევების გამო, შეაჩერა, მიზეზად კი ის დასახელდა, რომ კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ტყემალაძის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან ერთად, რეესტრს ახალი წესდების დამტკიცების მოთხოვნითაც მიმართა, მაშინ, როდესაც ახალი წესდების საკითხი ყრილობაზე არ დასმულა.
საჯარო რეესტრის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ახალი პრეზიდენტის სოსო ტყემალაძის არჩევნების ხმაურიან ვითარებაში ჩატარება. ტყემალაძის პრეზიდენტად არჩევის დღეს, ექსპოჯორჯიას შენობასთან, ვეტერანი მორაგბის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, რომელიც აცხადებს, რომ, სინამდვილეში, რაგბის კავშირის პრეზიდენტი თავად არის.
აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს მართლაც აირჩიეს, თუმცა მისი კონკურენტის მხრიდან გასაჩივრების შემდეგ მას რეესტრმა რეგისტრაცია შეუჩერა, 10 მარტის არჩევნების შემდეგ კი ახალ პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე იქნა არჩეული, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.
ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობიდან მისი ჩამოშორების მცდელობა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამასთან და დეპუტატ გია ჭიჭინაძესთან დაპირისპირებას უკავშირდება.