ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი, სენატის ორპარტიულ ჯგუფთან ერთად საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურებიან.
მათი მოწოდებაა საქართველოში ოქტომბრის თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, დემოკრატიის წინსვლაში მარცხი კი დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს.
"ძალზედ იმედგაცრუებულნი ვართ, ბოლო დროს, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რაც ძირს უთხრის რეფორმების ძალისხმევას, რაზეც 19 აპრილს შეთანხმება დაიდო.
აშშ-მ, ევროკავშირთან პარტნიორობით მჭიდროდ ითანამშრომლა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმების მისაღწევად იმისთვის, რომ გზა გახსნილიყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასაჯულების და საარჩევნო რეფორმებისთვის. იმედგამაცრუებელი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა შეთანხმება.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან პერიოდში, კიდევ უფრო იმედგამაცრუებელი იყო „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ განზრახული აქვს ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან. მეტწილად, სწორედ მმართველ პარტიას ეკისრება, დადგეს პოლიტიკურ განხეთქილებაზე მაღლა და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველისთვის მოიტანს სარგებელს.
ჩვენ, როგორც აშშ-ის სენატის კანონმდებლები, მოგიწოდებთ ოქტომბრის თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასჯულების და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ.
საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხეში ჩააგდოს საქართველოს სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ და დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხირვი ურთიერთობა. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს." - ნათქვამია განცხადებაში.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.