ამერიკელი სენატორი შაჰინი ამბობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება ქვეყნის სასარგებლო არ იქნება. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
"ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება", - ამბობს სენატორი.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება. აქამდე ის ამბობდა, რომ თბილისში კიევიდან 2 ოქტომბერს ჩამოფრინდებოდა.
"დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი.
მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
"ეს არის ჩემი ბათუმი. ორში ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა ენმ-ს. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს. თუ ენმ არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი.
ისე მენატრებოდა აქაურობა...", - თქვა მან.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
ოცნებაში კი ამტკიცებენ, რომ გავრცელებული მიმართვა fake ვიდეოა და ის საქართველოში არ იმყოფება.