საბურთალოს რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ მას, სავარაუდო მეტოქის, ალეკო ელისაშვილის არ ეშინია.
სერგეენკოს თქმით, ღირსეულ მეტოქესთან ასპარეზობა ყოველთვის კარგია.
„ალეკო ელისაშვილის არ მეშინია, რატომ უნდა მეშინოდეს? არანაირად არ მეშინია. თუ ისე მოხდება, რომ ის ღირსეული მეტოქე იქნება, ღირსეულ მეტოქესთან ყოველთვის ძალიან კარგია ასპარეზობა, გინდა პოლიტიკურ ველში და გინდაც სპორტულში. თუმცა, შიშით არც მე არ მეშინია და არც ჩემს გუნდს არ შეშინებია და მისი შიშით მე არ დავუყენებივარ", — განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს რაიონში იყაროს კენჭი.
ელისაშვილმა ასევე „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ მმართველ გუნდს მისი ეშინია და ამიტომ დააყენეს სერგეენკო კანდიდატად.