logo
ENG



სერგი კაპანაძე: ხელისუფლების არცერთი შემოთავაზება არ პასუხობს პროპორციულის მოთხოვნებს

29 თებ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 

მოახერხებენ თუ არა შეთანხმებას კომპრომისულ საარჩევნო მოდელზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი - საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად დრო სულ უფრო მცირდება.

ორივე მხარე დიპლომატებთან ერთად შეხვედრას, სავარაუდოდ, ხვალ კიდევ გამართავს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ შეთანხმება შესაძლოა რამდენიმე დღეშიც შედგეს. ოპოზიცია პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ საარჩევნო სისტემას ითხოვს.

„აქამდე რაც იქნა გაჟღერებული მათ მიერ, არცერთი შემოთავაზება არ პასუხობს არსებითად პროპორციულის მოთხოვნებს. პოლიტიკური დევნის დასრულება და არსებითად პროპორციული სისტემა, რომლის კარგი გამოვლინებაა 130/20-ზე, არის ის მოდელი, რომელზეც შესაძლებელი არის შეთანხმება. ვნახავთ, ამაზე რამდენად წამოვლენ და რამდენად ეყოფა გონიერება ივანიშვილს, რომ ეს კომპრომისი მიიღონ. თუ ეს არ იქნება, მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ მაჟორიტარულ ოლქებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომ არსებული სისტემით, რასაც ჩვენ გეგმა ბ-ს ვუწოდებთ, დავამარცხოთ ივანიშვილი“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა დეპუტატმა სერგი კაპანაძემ.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დროს ხელისუფლება არ უნდა გაჯიუტდეს, უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციის წინადადებები და შედგეს მოლაპარაკება.

„ხელისუფლება იყო საკმაოდ მოქნილი, უფრო რბილი იმ საკითხებში რასაც საარჩევნო სისტემაში ცვლილებები ჰქვია. ეს დეტალები, რაც ხელისუფლების მხრიდან გუშინდელ საუბარში გამოჩნდა, აჩენს მცირე იმედს, რომ შესაძლებელია ერთხელ და სამუდამოდ გაითავისოს ხელისუფლებამ: ნუ გაჯიუტდება, გაითვალისწინოს ჩვენი წინადადებები და წამოვიდეს ამ მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური მოლაპარაკებები დიპლომატების მონაწილეობით გუშინ გვიან ღამე დასრულდა. როგორც პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, უახლოეს ორ დღეში შესაძლოა შეთანხმება იქნას მიღწეული.

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი კობახიძის თქმით, არაფორმალურ შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საინტერესო იდეები გააჟღერა, რომლითაც საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობა სამართლიანი იქნება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ვარიანტი ყველა დაინტერესებულ მხარეზეა მორგებული და მოცემულ ვითარებაში ეს საუკეთესო ალტერნატივაა.


close დახურვა