logo
ENG



სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ 10 პირს პატიმრობა შეუფარდა

29 ივლ 202320:41
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ 10 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

სხდომას მხოლოდ 8 ბრალდებული ესწრებოდა. კიდევ 2 ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ და პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. 

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

სერჟანტი როინ შავაძე, წინა ხელისუფლების გამოძიების ცნობით, ნარკოტიკის შენახვა-შეძენის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულმა თბილისში ეტაპირების დროს გაქცევა სცადა, რა დროსაც ის მოკლეს.

პროკურატურა აცხადებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს  საქმეზე - "შავაძე საქართველოს წინააღმდეგ"  ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების  როგორც პროცედურული, ასევე არსებითი  ნაწილის დარღვევა დაადგინა.

 
 
 

 


close დახურვა