თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის თქმით, ბოლო 2 დღეში გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის 14 ადამიანი დააკავეს.
"ბოლო 2 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირი დააკავეს.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის, თავს ვიკავებთ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისგან", - თქვა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე.
მან ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში აქციის მონაწილეების მხირდან "კანონდარღვევის 53 ფაქტი გამოავლინეს - აქედან 42 სამართალდამრღვევია, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია".
"შსს-ს მიერ აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა", - თქვა ვაჟა სირაძემ.
