გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმისთვის გაუგებარია, რას ემსახურებოდა მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადება, რომ მოზარდის სულისთვის ვეღარ ილოცებენ, თუ თვითმკვლელობა დადასტურდა.
ბექა სირაძის თქმით, უმჯობესია, მეუფე ნიკოლზომა ამ საქმეზე ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანს ბრალის აღიარება ურჩიოს და საქმის სხვა ფიგურანტებიც დაასახელოს.
„მარიანა ჩოლოიანი მარტო არ ყოფილა იმ საქმეში. შეუძლია, მარიანა ჩოლოიანს დაელაპარაკოს და მოუწოდოს დაასახელოს ის დანარჩენი პოლიციელები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ საქმეში ჩართულნი. უკეთესი იქნება, მივიდეს პოლიციის განყოფილებაში, დაელაპარაკოს იმ ადამიანებს და ჯოხი მარიანა ჩოლოიანზე არ გადატეხონ და მისცენ აღიარებითი ჩვენება“, - აცხადებს სირაძის ძმა.
ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტმა ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სამების საკათედრო ტაძარში ისაუბრა, სადაც ჟურნალისტები მიიწვია.
ის ამბობს, რომ თუ მოზარდის თვითმკვლელობა ოფიციალურად დადასტურდება, მიცვალებულის სულისთვის ვეღარ ილოცებენ. სასულიერო პირის თქმით, სირაძის დედის ინტერვიუ მოისმინა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ღიად საუბარი.
მიტროპოლიტი ამბობს, ეს მისი პირადი პოზიციაა და სინოდისთვის არ შეუტყობინებია.
მეუფე ნიკოლოზის განცხადებას ბრალდებულის პოზიციების მხარდაჭერას უკავშირებს თეოლოგი ლადო ნარსია. თეოლოგი პარალელს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან ავლებს და ამბობს, რომ ციანიდის საქმეშიც სასულიერო პირებმა მოქალაქეებზე მეტი იცოდნენ და ეს შეხედულებები ერთი-ერთში ემთხვეოდა სამართალდამცავი უწყების პოზიციებთან.
მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ახალი კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ლუკა სირაძის დედის ექსკლუზიური ინტერვიუ გადაცემა „პოლიტმეტრში“ გავიდა.
ჩოლოიანს ჩვენების მიცემის იძულებას ედავებიან. ჩოლოიანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამ დრომდე უცნობია დაატოვებინეს თუ არა თანამდბეობა დიდუბის განყოფილების 3 თანამშრომელს, რომლებსაც მოზარდის მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიციელებს დისციპლინური სახდელი დაეკისრათ.
ლუკა სირაძე 2019 წლის 11 დეკემბერს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულიდან გადმოხტა, ის 17 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.