მოძრაობა #სირცხვილია ეხმაურება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებებზე ერთ-ერთ პუნქტად "20 ივნისის საქმის მონაწილეთა ამნისტიას" განიხილავენ. მათ შორის, ეს ეხება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს. მოძრაობა აცხადებს, რომ მიუღებელია ამ პუნქტის აქტივისტებზე გავრცელება.
- "აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის, ტოლობის დასმა სრულიად მიუღებელია;
- ამნისტია, როგორც ჰუმანური აქტი, გამოიყენება დამნაშავეების მიმართ. სირცხვილია ამ პუნქტის აქტივისტებზე გავრცელება;
- უსამართლობაა სამართალდამცველების გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან (ისედაც არავისი დამდგარა) ქვეყანაში.
იქ, სადაც მანიფესტაციის უფლების რეალიზება ისედაც თითქმის შეუძლებელია. ეს არის მწვანე შუქი ქართული ოცნებისთვის, რომ ჯერ ჩვენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს წაგვართმევს, დაგვარბევს, მერე ისევ ჩვენ გვაგებინებს პასუხს მიკერძოებული მართლმსაჯულების გამოყენებით. ეს არის მწვანე შუქი ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებისთვის და მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკისთვის, - წერია #სირცხვილიას განცხადებაში.
გამოცემა პუბლიკამ გაავრცელა ინფორმაცია იმ პუნქტებზე, რასაც, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოლაპარაკებების მხარეები განიხილავენ. მათივე ცნობით, ერთ-ერთ პუნქტად განიხილავენ 20 ივნისის საქმის მონაწილეთა ამნისტიას, კერძოდ, ეს პუნქტი შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:
"გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს".
შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრა უკვე თითქმის 7 საათია მიმდინარეობს და ამ დრომდე გრძელდება.
გუშინ, 29 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ დენიელსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს 30 მარტს დადებს.
დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.