logo
ENG



სირცხვილიას Facebook გვერდიდან რეგისტრაციის შესახებ ვიდეო წაიშალა

31 აგვ 202415:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/31/rkmc43ucldzyjvj.jpg

მოძრაობა სირცხვილია უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრირდება. ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელიც მალევე წაშალეს.

სირცხვილიას გადაწყვეტილებას ქართული ოცნების წევრები აქტიურად გამოეხმაურნენ და მას მხარი დაუჭირეს.

ვიდეომიმართვას კრიტიკა მოჰყვა, რაც ოცნების წევრებმა ფაშისტურ ბულინგად შეაფასეს.

"კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ რეგისტრაცია ან არ რეგისტრაცია, მაინცდამაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებული არის ხელისუფლების პროპაგანდაზე" - ნათქვამი იყო ვიდეომიმართვაში.

საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს. განხილვის ამ ეტაპზე სასამართლომ უნდა დაადგინოს სარჩელის დასაშვებობა და შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.

კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.

სასამართლოში ოთხი სარჩელია დარეგისტრირებული: საქართველოს პრეზიდენტის, 112 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის; 38 პარლამენტარის; ორი მედიასაშუალების. ყველა ეს სარჩელი გაერთიანდა და ერთ საქმედ განიხილება.

29 აგვისტოს გაირკვა, რომ კანონის წინააღმდეგ მეხუთე სარჩელიც შევიდა, რომელიც საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას ეკუთვნის, თუმცა ის ჯერ არ დარეგისტრირებულა.

გარდა ამისა, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკუთარი შეხედულება სახალხო დამცველმა წარუდგინა.

აღნიშნული სარჩელი მნიშვნელოვანია იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად უნდა განიხილოს სარჩელი კონსტიტცუიის 78-ე მუხლთან მიმართები. აღნიშნული მუხლი გულისხმობს: "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".

 

 


close დახურვა