logo
ENG



სირცხვილია: უკანონოდ დაკავებული აქტივისტები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

04 ივნ 202100:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/04/cxtl1su93fbwwi9.jpg

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, პროკურატურასთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი. 

მათივე ცნობით, დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. 

"საპროტესტო აქციაზე უკანონოდ დაკავებული აქტივისტები: ზუკა ბერძენიშვილი, პაატა ხარატიშვილი, ტიტე გედენიძე და ბექა პაპაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

სამართალდამცავებმა დაკავებისას ხელი დაუზიანეს გიგა მაქარაშვილს და ნიკუშა ფარულავას. საჭირო გახდა დაკავებულების გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში", - ნათქვამია სირცხვილიას განცხადებაში.

პროკურატურასთან დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა კითხვებზე პასუხის მისაღებად პროკურატურაში შესვლა სცადეს, ვითარება დაიძაბა. პოლიციამ მათ უწყებაში შესვლის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე ჯამში 9 ადამიანი დააკავა, საიდანაც 5, მათ შორის გიგა მაქარაშვილი და ნიკა ფარულავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

აქციის მონაწილეებს საგამოძიებო უწყებასთან ბანერები ჰქონდათ მიტანილი, წარწერებით: "გააღეთ პანსიონის კარი", "დასაჯეთ მოძალადეები", "დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა", ანაფორა არ გათავისუფლების პასუხისმგებლობისგან" და სხვა. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.

 

close დახურვა