სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა. განცხადება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ის პრეზიდენტის შეზღუდულ უფლებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას, რეალურად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
"ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც პრეზიდენტს არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს ომისა და მშვიდობის საკითხებზე. რეალობაში, რომელშიც მას არ შეუძლია, ვეტო დაადოს კანონებს, რომელსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანშეწონილად მიიჩნევს.
პრეზიდენტს არ გააჩნია საჭირო ინსტრუმენტები ქვეყნისა და ერისთვის ამ რთულ პერიოდში საშინაო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის.
ჩვენ გვაქვს პარადოქსული სიტუაცია, როცა პრეზიდენტი უნდა იყოს სახელმწიფოებრიობის გარანტი რაიმე რეალური ინსტრუმენტის გარეშე", - წერს ის განცხადებაში.
სარქისიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლის 9 აპრილიდან იკავებდა.