logo
ENG



სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მასობრივი მოსმენების საქმეზე სტრასბურგს მიმართა

09 ივლ 202413:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/09/eqd8s46lw2y076y.jpg

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო მასობრივი მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 

ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოს წინაშე 7 განმცხადებელს წარმოადგენს, რომლებიც კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევაზე დავობენ. მათ შორის სასულიერო პირები - მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, გიორგი მამალაძე, დედა სიდონია და სამოქალაქო საზოგადოების 3 წარმომადგენელია. 

"მიუხედავად განმცხადებლების არაერთი მოთხოვნისა, სახელმწიფოს დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები საქმეზე სიმართლის დასადგენად. გაჟონილ კრებსებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯის ნების არარსებობაზე.

კერძოდ, მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება არსებითად გაჭიანურებულია, სუს-ის იმ თანამშრომლების გამოკითხვა, რომლებიც შესაძლოა პასუხისმგებელნი იყვნენ ფარულ მიყურადებაზე რამდენიმე კვირის დაგვიანებით განხორციელდა, რამაც მათი ჩვენებების შეთანხმებისა და მტკიცებულებების განადგურების რისკი შექმნა. ამასთან ერთად, ამ დრომდე არ არიან გამოკითხულები სუს-ის მაღალჩინოსნები და ამ დრომდე არ არის მიღებული გამოძიების ფარგლებში დანიშნული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგები, რომელებიც შესაძლოა გამოძიებისთვის განსაკუთრებით ინფორმაციული იყოს", - მიუთითებს ორგანიზაცია. 

გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ საქართველოში უკანონო მოსმენები მუდმივად გამოიყენებოდა სხვადასხვა ხელისუფლების ხელში ოპონენტთა დაშინებისა და შანტაჟის ინსტრუმენტად. ასევე, წერენ, რომ ფარული მიყურადების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მათ შორის, განპირობებულია სამართლებრივი და ინსტიტუციური ხარვეზებით, რომლის ფუნდამენტური რეფორმირების საჭიროებაზეც წლების განმავლობაში უთითებდნენ ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, განმცხადებლები დავობენ, რომ სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ვალდებულებების ჭრილში. კერძოდ, ხელისუფლებამ მათ მიმართ განახორციელა უკანონო ფარული მიყურადება, ხოლო პროკურატურამ არ ჩაატარა ამ დანაშაული ეფექტიანი გამოძიება. განმცხადებლები ასევე დავობენ, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ისინი უკანონო ფარული მიყურადებისგან, მათ შორის, ხარვეზიანი ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს გამო", - წერია განცხადებაში. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრში მიუთითებენ, რომ მასობრივი მოსმენის პრაქტიკა მოქალაქეების სოციალური კონტროლისა და მათი დემობილიზების ინსტრუმენტია და ის კონფლიქტში მოდის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. 

"ქვეყანაში ავტორიტარიზმის აღმასვლის ფონზე, მასობრივი მოსმენების პრაქტიკა მოქალაქეების პირად ავტონომიაში ჩარევის, მათი შანტაჟირების და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის პარალიზების მძლავრი იარაღი შეიძლება გახდეს.

მასობრივი მოსმენების პრაქტიკის გამოყენება რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ ორმაგად პრობლემურია, რადგან ის ერთის მხრივ, რელიგიურ ორგანიზაციებზე სახელმწიფო კონტროლის პრაქტიკაზე მიანიშნებს, მეორეს მხრივ, კი სასულიერო პირების მრევლთან მუშაობასთან დაკავშირებული ინტიმურ და სენსიტიურ სფეროში ჩარევაზე. სასულიერო პირების პირად ცხოვრების მასშტაბური კონტროლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარების და პოლიტიკური ლოიალობის მოპოვების იარაღი შეიძლება გახდეს, რაც ძირს გამოუთხრის რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ნდობასა და პატივისცემას", - წერს ორგანიზაცია. 

 

close დახურვა