logo
ENG



სოხაძე: მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ, ადამიანის ზიზღი სამარცხვინოა

02 ივლ 202116:20
3 წუთის საკითხავი
 

მომღერალი ირმა სოხაძე პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ განსხვავებულის მიმართ მიმღებლობა და პატივისცემა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

როგორც ირმა სოხაძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა, შეუძლებელი და წარმოუდგენელია, ყველა იყოს ერთნაირი შეხედულებების. მისივე თქმით, ასე ცხოვრება "მოსაწყენი იქნება".

„მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყველა ჩემნაირი არ შეიძლება იყოს - მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ. განსხვავებულის პატივისცემა, მიღება და მიმღებლობა კი არა, პატივისცემა - ბევრი მათგანი ჩვენზე ნიჭიერია, განათლებულია - რას ნიშნავს, არ მივიღოთ? მინდა ვთხოვო უმრავლესობას, ვიყოთ უფრო ლაღები, თავისუფლები, ნუ ვიძაბებით, ნუ ვძალადობთ. ნუ ვესვრით ნურავის ნურც კვერცხს, ნურც პომიდორს და, მით უმეტეს, ტყვიასა და ქვას. ის ასეთია, ჩვენ ასეთი ვართ - ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ერთმანეთს ტაბურეტებით და ქვებით ვსდიოთ", - ამბობს მომღერალი.

ფორმულას ეთერში საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ლგბტქ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები ითხოვენ გამოხატვის თავისუფლებას და მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს ვინმესთვის მიუღებელი იყოს.

როგორც ირმა სოხაძე ამბობს, უკიდურესი პოლარიზაცია და ადამიანებს შორის არსებული ნეგატიური დამოკიდებულებაა საშიში. 

„რას ითხოვს ეს ხალხი ისეთს, რომ გვეზიზღება - რატომ გვეზიზღება ადამიანი, რომელსაც ჩვენთვის არაფერი დაუშავებია; უბრალოდ ასეთია და უნდა ამაზე გამოთქვას აზრი ლაღად, მე მგონია, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არ დაარღვევენ, არაფერს მიუღებელს, აღმაშფოთებელს და შეურაცხმყოფელს არ გააკეთებენ - მართლა ვერ ვხვდები.

სტატუსებს ვკითხულობ, კომენტარებს ვკითხულობ და მეშინია ამ აგრესიის. ამის უფრო მეშინია, ვიდრე იმ რამდენიმე ექსტრემალის, რომ გამოვარდება და ქვას ისვრის. მასობრივი ზიზღია საზოგადოებაში, არა მარტო ლგბტ თემის მიმართ, ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანის მიმართაც, განმასხვავებელი ნიშნების მიმართაც - ვერ ვიტანთ სხვანაირს, ჩვენნაირსაც ვერ ვიტანთ. ეს ვერატანა არის ზედოზით და ამის გაცილებით უფრო მეშინია, ვიდრე დანარჩენის... ზიზღი ადამიანის მიმართ, თუ ქვეყანა არ აგიწიოკა და ახლობელი არ დაგიშავა, ჩემთვის სამარცხვინოა", - ამბობს ირმა სოხაძე.

ირმა სოხაძე საუბრობს იმაზეც, რომ პრაიდის კვირეულის მიმართ არსებული მიუღებლობა არ შეიძლება გამოწვეული იყოს რელიგიური სწავლებებით. მისი თქმით, ქრისტიანთათვის ძალიან მნიშვნელოვან წიგნში, ახალ აღთქმაში არ არის საუბარი ე.წ. სოდომურ ცოდვაზე.

მომღერალი მორწმუნეებს მიმართავს და ამბობს, რომ ერთმანეთის ზიზღი არ არის ქრისტიანული. მისივე თქმით, ქრისტე თავის მიმდევრებს სიყვარულისკენ მოუწოდებდა.

„სოდომი და გომორი არის ძველი აღქმა, არ შევდივარ რელიგიურ წიაღსვლებში და თეოლოგიურ კამათში, მაგრამ ახალ აღქმაში არ არის ეს თემა წამოწეული, როგორც მახსოვს და კარგად მახსოვს, საკმაოდ ხშირად ვკითხულობ. ქრისტე, ჩვენი ღმერთი, იყო საოცრად მიმტევებელი, ყველა უყვარდა. ქვა იმან ესროლოს, ვინც თავს უცოდველად თვლისო. მაგრამ უბედურება იცით რაშია? - ყველა უცოდველად თვლის თავს. დღეს რომ ყოფილიყო მარიამ მაგდალინელის ეს ისტორია, დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც იქ იყო, ესროდა. ყველა ვალდებულად თვლის თავს, დაიცვას რაღაცა - თვითონაც არ იცის, რა", - აღნიშნავს ირმა სოხაძე.

თბილისში პრაიდის კვირეული პირველ ივლისს დაიწყო. გუშინ საღამოს გაიმართა პირველი ღონისძიებაც - დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ტერიტორიაზე ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების გამო პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა მოწყობილი. ღონისძიების მონაწილეთა  ნაწილმა ტერიტორია საკუთარი ავტომობილებით დატოვა, ნაწილი კი პოლიციამ მიკროავტობუსებით გაიყვანა. მათ ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები და კვერცხები ესროლეს.

ღონისძიება პოლიციის დახმარებით დატოვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, "ღირსების მარში" პრაიდის კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს გაიმართება.


close დახურვა