logo
ENG



სპეციალისტები ბაჩალიაშვილის Facebook-ზე შესვლას ოჯახის თანდასწრებით ცდილობენ

11 აგვ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-სა და ელექტრონულ ფოსტაში შესვლას, სპეციალისტები, ამ წუთებში ოჯახის თანდასწრებით ცდილობენ. რამდენიმე საათიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ამ პროცედურას ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე მეორე დღეა ატარებენ.  სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის გარდა, 2 კვირაა გამოძიება ინფორმაციას ვერ იღებს ვერც გარდაცვლილის ფეისბუქიდან. შესაბამისად ამ დრომდე უცნობი რჩება თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მიმოწერები - ვისთან, როდის და რა საკითხებზე ჰქონდა, რაც საქმისთვის შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

ოჯახის ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, პროცესი ხელოვნურად ჭიანურდებოდეს და საჭიროების მიუხედავად, საგამოძიებო უწყება ამერიკელი სპეციალისტების პროცესში ჩართვას ამიტომ არ ჩქარობს. ადვოკატისთვის ამის დასტურია შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ FBI პროცესში მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება, ამ ეტაპზე კი მისი უწყება სათანადოდ მუშაობს. 

განცხადება, რომლის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახი და ადვოკატი ახსნა-განმარტებას მოითხოვს, ვახტანგ გომელაურმა დღეს გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ოჯახმა პირადად გენერალური პორკურორისგან მიიღო დაპირება, FBI-ს სპეციალისტების ჩართვასთან დაკავშირებით, დღეს გაირკვა, რომ გომელაურის უწყება სულაც არ ჩქარობს.

ბაჩალიაშვილების ოჯახი არ გამორიცხავს, პროცესის გაჭიანურებით საგამოძიებო უწყება დროს იგებს - თვითმკვლელობის ვერსია გაამყაროს და საქმეც ამით დაასრულოს. 

2 კვირაზე მეტია კომპიუტერის ექსპერტიზის გარდა, ოჯახი ელოდება სამედიცინო და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზების შედეგებსაც, რომლის დასკვნამაც პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რა გახდა 23 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი და როდის გარდაიცვალა ის. 

 

 

 

 


close დახურვა