აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტანს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ცეცხლის შეწყვეტას მხარი დავუჭიროთ და შევინარჩუნოთ, რომ ხანგრძლივ შეთანხმებად გადაიქცეს და ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას“, - წერს სტარმერი X-ზე.
აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. თეირანმა საპასუხოდ გლობალური მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც მსოფლიო ენერგობაზარზე კრიზისი და ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.
მარტის განმავლობაში აშშ-მა ოპერაცია „Epic Fury-ს“ ფარგლებში ირანის სამხედრო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა დაბომბა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებზე სარაკეტო კონტრდარტყმები მოჰყვა. კრიზისმა პიკს აპრილის დასაწყისში მიაღწია, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს სრუტის გახსნისთვის ულტიმატუმი წაუყენა. ვითარება პაკისტანის აქტიური შუამავლობით გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად განიმუხტა, რასაც ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოჰყვა.
