logo
ENG



სტივენ ჯონსი: პოლარიზაცია ხალხში არ არის, ეს პარტიების პრობლემაა

12 დეკ 202114:18
3 წუთის საკითხავი
 
სტივენ ჯონსი: პოლარიზაცია ხალხში არ არის, ეს პარტიების პრობლემაა

ისტორიკოსი და პოლიტოლოგი, სტივენ ჯონსი ამბობს, რომ საქართველოში პოლარიზაცია არის პოლიტიკურ პარტიებს და არა ხალხს შორის. 

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჯონსმა თქვა, რომ მოქალაქეები პრობლემებზე შეთანხმებულები არიან. 

"მგონი, ერთი წლის წინ პატარა სტატია იყო. ეხებოდა გამოკვლევას [CRRC-ის კვლევა], რომლითაც გამოირკვა, რომ ხალხში არ არის პოლარიზაცია. ეს არის პარტიების პრობლემა და არა ხალხის. აი, როცა საზოგადოებრივი აზრის კვლევას აკეთებენ, ხედავენ, რომ ხალხი თანხმდება პრობლემებზე. პირველი, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკა, არის ფასები, ჯანდაცვის სისტემის პრობლემები. ამ პრობლემებზე შეთანხმებულია ხალხი. ნამდვილად არ არის პოლარიზაცია ამის გარშემო. ეს უფრო არის პარტიული თამაში. ხალხი უფრო კარგად იქცევა და ხალხმა კარგად იცის, რაშია საქმე". - ამბობს ისტორიკოსი. 

მისივე შეფასებით, საქართველოში დემოკრატია სწორად არ მუშობს და ამიტომაც, არის საშიშროება, რომ ხალხი დემოკრატიის მიმართ რწმენას დაკარგავს. 

"ჩემი აზრით, ეს არის დიდი საშიშროება. თუ დემოკრატია არ მუშაობს ხალხისთვის, თუ, მაგალითად, არ არის რეალური შედეგები ხალხისთვის და არის უბრალოდ დაპირებები, მაშინ არის შანსი, რომ დემოკრატია ბოლოს და ბოლოს დამთავრდება საქართველოში. ალბათ, ცოტათი ვაზვიადებ, მაგრამ ეს მართლაც არის საშიშროება. რაც შეეხება ახალი დაწესებულებების შექმნას - კი, რა თქმა უნდა, შეთანხმება უნდა იყოს პოლიტიკურ ელიტებში, რომ საჭიროა ასეთი დამატებითი ორგანიზაციები, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ დეპუტატები დაინახავენ, რომ ასეთი ორგანიზაცია არ არის მათთვის მავნებელი". - თქვა სტივენ ჯონსმა. 

მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აშშ ბევრ ფულს ხარჯავს საქართველოში დემოკრატიის პროგრამებისთვის, შედეგი კი არ ჩანს. 

"ამერიკა ძალიან ბევრ ფულს აძლევს საქართველოს დემოკრატიის პროგრამებისთვის, პარტიების ჩამოყალიბებისთვის და ა.შ. ეს ფული, მგონი, საერთოდ დავკარგეთ. არ ვიცი, როგორ იმოქმედა ამ დახმარებამ, რა შედეგი გვაქვს? პარტიები ისევე არიან, როგორც 10 წლის წინ იყვნენ". - განაცხადა ისტორიკოსმა რადიო თავისუფლებასთან. 

მისი შეფასებით, აშშ-მ ახალ სტრატეგიაზე უნდა იფიქროს, რადგან დონორების მთელი ყურადღება საქართველოში საარჩევნო სისტემისკენაა მიმართული, "არჩევნები კი საქართველოში არაფუნქციური მოვლენაა.

"ამერიკის მთავრობამ, USAID-მა და სხვა დონორებმა უნდა იფიქრონ სხვა, ახალ სტრატეგიაზე, ვიდრე ჩვეულებრივი ყურადღებაა არჩევნების მიმართ".- ამბობს სტივენ ჯონსი. 


close დახურვა