logo
ENG



სტოლტენბერგი: პუტინს სურს არა მშვიდობა, არამედ პაუზა გადაჯგუფებისთვის

23 დეკ 202213:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/23/su12q8n2jpw3kfm.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს არა მშვიდობა, არამედ პაუზა გადაჯგუფებისთვის.

"რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისთვის, ძალების გადაიარაღებისთვის და შეტევის განახლების მცდელობისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციას შესთავაზა ძალების გაყვანა შობამდე დაიწყოს, როგორც პირველი ნაბიჯი კონფლიქტის დასრულებისკენ, მაგრამ მოსკოვმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება. ომი სწორედ პუტინმა დაიწყო და მას შეუძლია დღესაც დაასრულოს უკრაინიდან გასვლით. ახლა არ არის იმის ნიშანი, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, მსოფლიომ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს გადარჩენა, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო. ამასთან ის აღნიშნავს, რომ თუ პუტინი აიღებს უკრაინას, ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვის და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ მათ ძალით შეუძლიათ მიიღონ ის, რაც სურთ, უკრაინისთვის კი ეს კატასტროფა იქნება.

"ეს ასევე გახდის მთელ სამყაროს უფრო სახიფათოს და ჩვენ ყველას, უფრო დაუცველს. ამიტომ, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნება ამ ზამთარში და რამდენი ხანიც დასჭირდება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


close დახურვა