ვილნიუსში, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც მან უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. ამასთან, სტოლტენბერგმა სამიტის პირველ დღეს, საბჭოს შეხვედრის შემაჯამებელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "უკრაინას ალიანსში მოიწვევენ, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება".
სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინის ალიანსთან დასაახლოებლად პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც 3 ნაწილისგან შედგება: უკრაინის მრავალმხრივი დახმარება, NATO-უკრაინის საბჭო, MAP-ის გარეშე უკრაინის ალიანსში წევრობა.
"პირველი ეს გახლავთ მრავალწლიანი მხარდაჭერის პროგრამა უკრაინისთვის, რათა საბჭოთა ერიდან გადავიდეს ნატოს სტანდარტებზე, რათა მოხდეს უსაფრთხოების სექტორის რეფორმირება და სამხედრო და სამედიცინო მიწოდების მიმართულება განვითარდეს. ნატო უკრაინის საბჭო გახლავთ მეორე საკითხი, კონსულტაციებისა და გადაწყვეტილების მიღებისა, სადაც შევხვდებით, როგორც თანასწორები, ასევე პირველი შეხვედრა საბჭოსი გაიმართება ხვალ, პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით. მესამე - ვადასტურებთ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ მოვხსენით MAP-ის მოთხოვნა, რაც შეცვლის უკრაინის გზას ალიანსისკენ და ორნაბიჯიანი პროცესიდან ერთნაბიჯიან პროცესზე გადაიყვანს. ჩვენ ნათლად გავუსვით ხაზი, რომ მოწვევას გავუგზავნით უკრაინას, როდესაც შეთანხმდებიან მოკავშირეები და იქნება დაკმაყოფილებული პირობები. ეს არის ძალიან ძლიერი პაკეტი უკრაინისთვის და ნათელი გზა მისი წევრობისთვის NATO-ში. [...]
დღეს მოკავშირეები შეთანხმდნენ ძლიერ, ერთიან და პოზიტიურ გზავნილზე უკრაინისადმი. უწყვეტ მხარდაჭერაზე და ასევე გზავნილზე წევრობასთან დაკავშირებით, რომელშიც არის შესული პაკეტი სრული თავსებადობისა NATO-სა და უკრაინის ძალებს შორის და ის, რომ გაუქმდა მოთხოვნა MAP-თან დაკავშირებით. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მოწვევა იქნება გაგზავნილი, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება. მინდა დავამატო, რომ ამასთან ერთად მოკავშირეები უზრუნველყოფენ ძალიან სერიოზულ სამხედრო მხარდაჭერას, იმიტომ რომ ყველაზე უფრო გადაუდებელი ამოცანა გახლავთ ის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და შემდეგ უკვე აღარ იქნება განსახილველი წევრობის საკითხი", - განაცხადა სტოლტენბერგმა. [სინქრონული თარგმანი]
ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. დღის წესრიგის მთავარი თემა ალიანსში უკრაინის პოტენციური წევრობაა.
ამავე დროს, NATO ასრულებს მუშაობას კომუნიკეზე, რომელშიც წევრი სახელმწიფოები "ფორმულირებებს ათანხმებენ". თუმცაღა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც დღეს ვილნიუსში ელოდებიან, უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის შესახებ ტექსტი უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილება.
აშშ-ის პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის დათანხმდა შემოთავაზებულ ფორმულირებას NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მომავალი შესაძლებლობის შესახებ. ამავე დროს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ "იხილავთ ფორმულირებებს რამდენიმე საათში, რადგანაც ახლა ვასრულებთ მუშაობას კომუნიკეზე". მანამდე მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ სამიტი უკრაინას "პოზიტიურ და ძლიერ სიგნალს" გაუგზავნის.
თავისი უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წევრობასთან დაკავშირებული "გაურკვევლობა" რუსეთისთვის "ტერორის გაგრძელების" მოტივაციაა.
სამიტის დაწყების პარალელურად ცნობილი გახდა საფრანგეთის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, პარიზი კიევს შორი მანძილის რაკეტებს - Storm Shadow-ს გადასცემს, რათა მის კონტრშეტევას დაეხმაროს.