logo
ENG



სტოლტენბერგი: უკრაინას უნდა ჰქონდეს მეტი მძიმე იარაღი

15 ივნ 202211:26
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს, რათა რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს.

სტოლტენბერგის თქმით, დღეს, 15 ივნისს NATO-ს უკრაინის მხარდამჭერი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც ალიანსის წევრები და მოკავშირეები უკრაინის დახმარების გზებს განიხილავენ.

"უკრაინას უნდა ჰქონდეს მეტი მძიმე იარაღი. და NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები მძიმე იარაღს დიდი ხანია უგზავნიან და ისინი ზრდიან ამას. 15 ივნისს გაიმართება შეხვედრა NATO-ს უკრაინის მხარდამჭერი საკონტაქტო ჯგუფის სათავო ოფისში. ეს ის ფორმატია, რომელიც რამშტაინის ბაზაზე რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რეგულარულად ხვდება, რათა NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაცია შეძლოს სხვადასხვა ტიპის იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის მძიმე იარაღის უკრაინისთვის მიწოდებისთვის. იმიტომ რომ ისინი მთლიანად ამაზე არიან დამოკიდებული იმისთვის რომ რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიონ" - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

სტოლტენბერგის თქმით, 2014 წლიდან NATO-ს მოკავშირეებმა ათობით ათასი უკრაინელი სამხედრო გაწვრთნეს და მათ ახლა პუტინის ჯართან ბრძოლაში გარდამტეხი ცვლილებები შეაქვთ. თუმცა, ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ საჭიროა ხანგრძლივი ომისთვის მზადყოფნა.

„საჭიროა ისინი [სამხედროები] ხანგრძლივი ომისთვის იყონ მზად, ვინაიდან შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება როგორ და როდის დასრულდება ეს ომი. ამიტომ ისინი უნდა იყონ მზად, რომ დიდხანს გააგრძელონ და ჩვენ დახმარების მიწოდებას განვაგრძობთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

close დახურვა