logo
ENG



სტოლტენბერგი: უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, მრავალი რაკეტისა და დრონის ჩამოგდებით

28 ოქტ 202213:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/28/68vokqev9tskgym.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, მრავალი რუსული რაკეტისა და დრონის ჩამოგდებით.

"ვფიქრობ, იარაღს, რომელსაც ახლა ვაწვდით, დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, მრავალი რუსული რაკეტისა და დრონის ჩამოგდებით. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება - მოკავშირეები ახლა უფრო აქტიურდებიან," - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთის დახმარებამ თავდაპირველად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საჰაერო უპირატესობის დამყარება უკრაინის ტერიტორიაზე და ამან გავლენა მოახდინა უკრაინელების წარმატებაზე.

"ეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობით, რომლებმაც ძველი საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოიყენეს, რაც მათ უკვე ჰქონდათ. NATO-ს მოკავშირეებმა მათ საბრძოლო მასალები მიაწოდეს, შემდეგ კი ახალი სისტემების მიწოდება დაიწყეს," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს.

თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".


close დახურვა