NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა უკრაინისთვის გააუქმა MAP-ის მოთხოვნა და უკრაინის წევრობის გზა 1-ნაბიჯიან პროცესად იქცა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი შეთანხმდა უკრაინისთვის 3-წლიან პრაქტიკული დახმარების პროგრამაზე, რომელიც ქვეყანას ალიანსთან კიდევ უფრო დააახლოებს.
გენმდივნის ინფორმაციით, ასევე შეიქმნება NATO-უკრაინის საბჭო სადაც ალიანსის წევრი ქვეყნები და უკრაინა თანასწორები იქნებიან.
"ახლა ჩვენ შევთანხმდით 3-წლიან პაკეტზე, რაც უკრაინას NATO-სთან კიდევ უფრო დააახლოებს. რამდენიმე წლიანი პრაქტიკული დახმარების პროგრამა, რომელიც დააფუძნებს ახალ NATO-უკრაინის საბჭოს და ხელახლა დაადასტურებს, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და მოხსნის წევრობის სამოქმედო გეგმის MAP აუცილებლობას. ჩვენი უკრაინისადმი რამდენიმეწლიანი დახმარების პროგრამა დაეხმარებათ გადახვიდეთ საბჭოთა ეპოქიდან NATO-ს შეიარაღებამდე და სტანდარტებამდე და უკრაინის ძალებს სრულად NATO-სთან თავსებადს" - განაცხადა გენმდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, NATO-უკრაინის საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება და ამ ფორუმში უკრაინა და ალიანსის წევრი ქვეყნები შეხვდებიან, როგორც თანასწორები, გამართავენ კრიზისების შესახებ კონსულტაციებს და მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს.
"უკრაინა ახლა უფრო ახლოსაა NATO-სთან ვიდრე ოდესმე. მოკავშირეებმა ხელახლა დაადასტურეს, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და შეთანხმდნენ, რომ მოიხსნება წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მოთხოვნა. ეს შეცვლის უკრაინის წევრობის გზას 2-ნაბიჯიანი პროცესიდან 1-ნაბიჯიან პროცესამდე და NATO-ს წევრად უკრაინის მიწვევას გაუგზავნის მაშინ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან, რომ პირობები შესრულდა" - განაცხადა სტოლტენბერგმა.
უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართული ბრიფინგი NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: "დღეს ჩვენ ვხვდებით, როგორც თანასწორები და მოუთმენლად ველი დღეს, როცა შევხვდებით როგორც მოკავშირეები"