logo
ENG



სტრასბურგის სასამართლომ მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი წარმოებაში მიიღო

12 მაი 202112:56
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი წარმოებაში მიიღო.

სარჩელი პირველ მარტს დარეგისტრირდა, 21 აპრილს კი სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვები გამოუგზავნა.

როგორც მელიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლებას ეკითხება, რამდენად ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა ნიკა მელიას დაპატიმრებას.

მისივე თქმით, ამ კონტექსტში სასამართლო ახსენებს ისეთ საქმეებს, როგორიცაა: "ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ" და "ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ".

"სასამართლო კითხვებში ახსენებს ისეთ საქმეებს, როგორიცაა "ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ" და "ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ". ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელისუფლებას კითხვები დაუსვა მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ეს მუხლი გულისხმობს მართლმსაჯულების გამოყენებას არალეგიტიმური მიზნებისთვის. როგორც წესი, პოლიტიკური პატიმრობის და დევნის საქმეებში სწორედ ამ მუხლის დარღვევის განხილვა დგას დღის წესრიგში", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მელიას კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ ენმ-ს თავმჯდომარე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა და მის მიმართ მართლმსაჯულების გამოყენება პოლიტიკური მიზნებით იყო განპირობებული.

"ნიკა მელიას საქმეში ხელის გულზე დევს ის, რომ იგი არის უკანონო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ხელისუფლება ცდილობს სისხლისსამართლებრივი დევნის ინსტრუმენტად გამოყენებით მის პოლიტიკურ განეიტრალებას და ამიტომაც არის პარალელის გავლება ასეთ რეზონანსულ საქმეებთან. დადგინდება, რომ ნიკა მელია იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში და ასევე მოხდება მე-18 მუხლის დადგენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნიკა მელიას მიმართ ხდება მართლმსაჯულების გამოყენება არა სამართლის, არამედ სხვა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე", - განაცხადა კონდახიშვილმა.

ნიკა მელია რუსთავის ციხიდან 10 მაისს გათავისუფლდა. მან საპატიმრო დაწესებულება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მოსამართლემ მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალაამის საფუძველი გახდა ევროკავშირის მიერ 7 მაისს გადახდილი გირაოს თანხა.  

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.


close დახურვა