logo
ENG



სტუდენტების პროტესტის შემდეგ სამხარაძემ თსუ-ში სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება აიღო

05 აპრ 202318:12
3 წუთის საკითხავი
 
სტუდენტების პროტესტის შემდეგ სამხარაძემ თსუ-ში სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება აიღო

ქართული ოცნების დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია, სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება აიღო. ეს დროში ემთხვევა იმ ფაქტს, რომ პარლამენტში რუსული კანონის მხარდაჭერის გამო სტუდენტებმა ნიკოლოზ სამხარაძის საგანზე უარი თქვეს, რის გამოც ის დაკისრებულ საათთა რაოდენობასაც ვეღარ შეასრულებდა. თსუ-ში სამხარაძე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და ევროპათმცოდნეობის შესავალს კითხულობდა და ორივე საგანი ჩაუვარდა.

გარდა ამისა, სამხარაძის საკითხზე საბჭოს გადაწყვეტილების ოქმი ამ დრომდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა.

როგორც ფორმულასთვის ცნობილი გახდა, სამხარაძემ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების მოთხოვნით მაშინ მიმართა, როდესაც სემესტრი უკვე დაწყებული იყო. 

ფაკულტეტის დეკანმა, სალომე დუნდუამ ფორმულას დაუდასტურა, რომ სამხარაძე შვებულებაშია სექტემბრამდე. რაც შეეხება სალექციო დატვირთვას, დუნდუა განმარტავს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში საკმაოდ ხშირია, როდესაც პროფესორი დაკისრებულ საათთა რაოდენობას ვერ ასრულებს.

"ახლაც ფაკულტეტზე ასეთი პროფესორები გვყავს და ალბათ ყოველთვის იქნება, როცა გარკვეული მიზეზების გამო, რაღაც კონკრეტულ წელიწადს, პროფესორი ვერ ასრულებს საათების რაოდენობას. უნივერსიტეტში მოქმედებს ასეთ წესი, რომ პროფესორს შეუძლია ხუთ წელიწადში ერთხელ აიღოს სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება, რომლის ფარგლებშიც ის იღებს გარკვეულ ვალდებულებას და კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ წარადგენს დაკისრებულ ვალდებულებას, სტატიას, წიგნს, კონფერენციას. გააჩნია როგორ იქნება. ისე დაემთხვა დროში, რომ ამ პერიოდში ზუსტად, ერთის მხრივ, სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შეგვეცვალა ლექტორი და ზუსტად ამ პერიოდშივე ითხოვა სამეცნიერო შვებულება. სტუდენტებს რომ არ ეთხოვათ, ისედაც მოგვიწევდა ამ საკითხზე მსჯელობა და თუ მიმართულება თანახმა იქნებოდა, გადასულიყო შვებულებაში. მეორე მხრივ, იმასაც ვიტყვი, ბატონ ნიკოლოზს რომ არ მოეთხოვა, სტუდენტების თხოვნასაც აუცილებლად გავითვალისწინებდით", - აღნიშნა სალომე დუნდუამ.

მისივე თქმით, საბჭოს გადაწყვეტილების ოქმი ხელმისაწვდომი ხვალ იქნება.


close დახურვა