logo
ENG



სუს არ პასუხობს, გამოიკითხნენ თუ არა თურნავა-ჟორჟოლიანი, ასაჯაროებს ფორმულასთან მიმოწერას

20 იან 202616:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/20/z9i1adk62uvbp2d.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს კითხვებს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გამოქვეყნებასა და ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოკვლევის ფარგლებში პასუხისმგებელ პირთა გამოკითხვას ეხება.

კერძოდ, ტელეკომპანია ფორმულას გადაცემამ, "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად",  სუს-ს მიმართა ორი კითხვით, ორ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით - რა ეტაპზეა გამოძიება გაზპრომის დოკუმენტთან დაკავშირებით, კერძოდ, გამოიკითხნენ თუ არა გამოძიების ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები და ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოკვლევის ფარგლებში, გამოიკითხა თუ არა ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, კერძოდ, ნათია თურნავა.

გადაცემის ანონსი, რომელიც ეთერში გავა დღეს, 20 იანვარს, იხილეთ აქ:

პასუხად, სუს-მა გადაცემისა და პრესსამსახურის მიმოწერა გაასაჯაროვა და ამის "მიზნად" დაასახელა - "საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ინფორმირება, ასევე სწორი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბება".

სუს ამბობს, რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა დაკითხვასთან დაკავშირებულ კითხვებს არ პასუხობს და აღნიშნავს, რომ - "ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროებას გამოძიება თავად განსაზღვრავს გამოძიებისვე ინტერესებიდან გამომდინარე".

სუს-ის განცხადება:

"საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ინფორმირების, ასევე სწორი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ვაქვეყნებთ ერთ-ერთი მედიასაშუალებისა და ჩვენს მიმოწერას:

მედიის კითხვა:

1. რა ეტაპზეა გამოძიება გაზპრომის დოკუმენტთან დაკავშირებით, გამოიკითხა თუ არა გამოძიების ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები, კერძოდ, ლევან ჟორჟოლიანი და აიტი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები?

2. ⁠ ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოკვლევის ფარგლებში, გამოიკითხა თუ არა ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, კერძოდ, ნათია თურნავა, რადგან კონსტიტუციის თანახმად, ეს ორგანოა პასუხისმგებელი ფასების სტრაბილურობაზე, ასევე, ენერგეტიკის სფეროში არსებული კორუფციული ფაქტების გამოძიების ფარგლებში, ხომ არ გამოკითხულა ნათია თურნავა, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 2019-2022 წლებში?

პასუხი:

შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოძიების დეტალებს, ტაქტიკას - ვინ რა დროს და რომელი საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაიკითხება ან რა შემდგომი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროებას გამოძიება თავად განსაზღვრავს გამოძიებისვე ინტერესებიდან გამომდინარე. გთხოვთ, აღნიშნული სხვა დროსაც გაითვალისწინოთ, რადგან ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მხრიდან ხშირად ისმება საგამოძიებო მოქმედებებთან, მათ შორის, გამოძიების ტაქტიკასა და დაკითხვების თანმიმდევრობასთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვები".

15 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გაზპრომთან გარიგების დეტალების გამოქვეყნებაზე გამოძიება დაიწყო.

სუს-ში ამბობენ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.

ქართული ოცნება თითქმის 10 წელია გაზპრომთან გარიგების დეტალებს მალავს.

ეს ინფორმაცია საიტიდან მხოლოდ მას შემდეგ წაიშალა, რაც 13 იანვარს ფორმულას ეთერში გადაცემის "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად" ანონსი გავიდა, სადაც ამ დოკუმენტების გასაჯაროვებაზე იყო საუბარი.


close დახურვა