გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოლო დღე-ღამეში საქართველოში დაფიქსირებული მიწისძვრები პანიკის საფუძველს არ ქმნის და თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრებს საქართველოს ტერიტორიაზე სეისმური საშიშროების კუთხით გავლენა არ ჰქონია.
ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა სუხიშვილი აცხადებს, რომ ბახმაროს მიდამოებში, რომელიც ბოლო 24 საათში რამდენიმე მიწისძვრის ეპიცენტრი იყო, ამგვარი მიწისძვრები წარსულშიც არაერთხელ მომხდარა.
„ამ ადგილას, ბახმაროს მიდამოებში წლების წინაც და კიდევ რამდენჯერმე იყო ასეთი მიწისძვრები, ამჯერად არაფერი განსაკუთრებული ხდება უბრალოდ თურქეთის მოვლენებიდან გამომდინარე ფონია ისეთი, რომ განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს გამახვილებული და სენსიტიურად აღვიქვამთ მიწისძვრის შესახებ ინფორმაციას. როგორც ვახსენე, 2014 წელს, 2013 წელს, ახლა უკვე 2023 წელს დაფიქსირდა ამ ტერიტორიაზე მიწისძვრები თავისი ბუნებრივად მომყოლი ბიძგებით. ყოველ შემთხვევაში ახლა განსაკუთრებული პანიკის საფუძველი არ გვაქვს. საქართველოში მთელ ტერიტორიაზე არის ზუსტად ისეთი სეისმური საშიშროება, როგორიც იყო თურქეთის მოვლენებამდე. არ ვართ კარგ მდგომარეობაში, მაგრამ არც მანამდე ვიყავით - ზუსტად იგივე სიტუაციაა“ - განაცხადა სუხიშვილმა.
გეომორფოლოგის თქმით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრები საქართველოსთან შედარებით ხშირად, შეიძლება ითქვას, რომ ყოველ 5 წელში ხდება, რაც სუხიშვილის თქმით, შეიძლება რამენაირად აისახებოდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, „მაგრამ არც წარსულში და არც ამჯერად არ ველოდებით, რომ რაიმე პირდაპირი გავლენა ექნება 7.8 თუ 7.6 მაგნიტუდიან მიწისძვრას საქართველოში რაიმე ძლიერი მიწისძვრის გენერირებაზე“ - განაცხადა
ლაშა სუხიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს შემთხვევაში მიწისძვრისგან მიღებული შესაძლო ზიანის პრევენციის კუთხით განსაკუთრებით მშენებლობების ნაწილში მრავალი პრობლემაა.
მისი თქმით, აუცილებელია თუნდაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის, როგორიცაა საავადმყოფოები და სკოლები, პერიოდული მონიტორინგი, რაც „სავარაუდოდ არ ხდება“.
„პრობლემა არის როგორც მოძველებული რეგულაციები, შედარებით დაბალი მოლოდინები [მიწისძვრაზე], ოპტიმისტური გათვლები. მშენებლობების მიმართულებით ეფექტური მექანიზმების არარსებობა და სავარაუდოდ, ძალიან დიდი რაოდენობით დარღვევები, არამხოლოდ დედაქალაქში“ - განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გურიაში, ბახმაროს მიმდებარედ 3 მიწისძვრა მოხდა.
დღეს, 12 თებერვალს საქართველოში 2 მიწისძვრა დაფიქსირდა, ორივე შემთხვევაში ეპიცენტრი ბახმაროში იყო. 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 12:07 საათზე, 3.3 მაგნიტუდის კი 12:21-ზე დაფიქსირდა.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
მიწისძვრა მოხდა გუშინაც, 11 თებერვალს საქართველოს დროით 19:33 საათზეც - დაზუსტებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც ეპიცენტრი დაბა ხულოდან 17 კმ-ში, კურორტ ბახმაროში იყო.