logo
ENG



ტიკარაძე: თენგიზ ცერცვაძე პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს

01 ოქტ 202023:46
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: თენგიზ ცერცვაძე პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძესთან დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.

მინისტრის თქმით, ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება და მუშაობას აგრძელებს.

"დღეს მე და ბატონ თენგიზს კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა გუშინ გვქონდა ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობს კლინიკურ ჯგუფს, რის შედეგადაც დაგეგმილია, რომ ბატონი თენგიზი მიემგზავრება ბათუმში, რადგან იქ არის მწვავე მდგომარეობა. რამდენადაც საღამოს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონი თენგიზი არ ტოვებს თავის თანამდებობას და შესაბამისად, აგრძელებს მის ღვაწლმოსილ მუშაობას. ვინაიდან, საქართველოში არის საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში და ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, ის პაციენტებს, სახელმწიფოს და ასევე მის მინისტრს არ უღალატებს, დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

რაც შეეხება კითხვას, მიმართა თუ არა მას გადადგომის შესახებ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ, მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლება არ აქვს.

"მე ბატონი თენგიზი ვერ მომმართავს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ვინაიდან ბატონი თენგიზი არის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, როგორც სერვისების მიმწოდებელი და განმახორციელებელი. არანაირი უფლება არ მაქვს მე ის ან დავნიშნო, ან გავათავისუფლო თანამდებობიდან", - თქვა ტიკარაძემ.

დღეს, 1 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა. ამასთან დაკავშირებით საღამოს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი ბერიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება.


close დახურვა