ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ კოვიდპანდემიის არაეფექტურად მართვასა და არაპროფესიონალიზმში, რადიო იმედზე სტუმრობისას ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ კამპანიაში სახელისუფლებო გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც არის ჩართული.
ტიკარაძე გუნდში არსებულ ბიზნესინტერესებზე საუბრობს, რომელთა გამოც, მისივე თქმით, ვიღაცებს არ აწყობთ მისი ყოფნა მინისტრის თანამდებობაზე და მის ნაცვლად, ჯანდაცვის მინისტრად არაკომპეტენტური პირის დანიშვნა სურთ.
იმედის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მის წინააღმდეგ მიმდინარე "კამპანია" იმის შედეგი, რომ სახელისუფლებო გუნდის კონკრეტულ წარმომადგენლებმა მისი "წარმატება ვერ აიტანეს", ტიკარაძე პასუხობს:
"არც ჟურნალისტური გამოძიება გამიკეთებია და არც პირადი გამოძიება ჩამიტარებია, ამასთან დაკავშირებით, გუნდში მოხდა ეს ვერ ატანა თუ არა, მაგრამ, ნუ, ფაქტი არის და ეს განცდა ნამდვილად მაქვს, არა მხოლოდ ამის გამო, არამედ თვითონ იმ გადადგმულ ნაბიჯებში, რომელიც უკვე გადადგმულია, მე მქონდა იმის მოლოდინი, რომ არაერთი ადამიანის ინტერესებზე მოხდებოდა გადაკვეთა და ეს გადაკვეთა ნამდვილად მოხდა.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის ამაში გარკვეული სიმართლე, რომ არის ხალხი, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც თავისი კომპეტენციებით თავს ვერ ართმევს იმ ვალდებულებას, რომელიც მას დღეს აკისრია", - აცხადებს ტიკარაძე.
ჟურნალისტის შემდეგ კითხვაზე, არიან თუ არა სახელისუფლებო გუნდის ეს წარმომადგენლები მაღალი თანამდებობის პირები ტიკარაძე პასუხობს:
"შეიძლება არც იყვნენ ეს ადამიანები მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი ბიზნესინტერესები აქვთ".
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ექსპრემიერმა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის 18 ივნისს დანიშნა. სწორედ მისი მინისტრობის დროს დაიწყო გლობალური კოვიდპანდემია, რასაც ქვეყანაში არაერთი ადამიანის ინფიცირება და გარდაცვალება მოყვა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ორჯერ გამოცხადდა ლოკდაუნი. პირველად საგანგებო მდგომარეობა მარტის თვეში გამოცხადდა, მაშინ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევა იყო გამოვლენილი, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი კი რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა.
ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა ზაფხულის მიწურულს დაიწყო. კორონავირუსის შემთხვევების ზრდას კლინიკებში სისტემის გადატვირთვა მოყვა, რამაც ინფიცირებულთა ოპერატიული ჰოსპიტალიზაცია გაართულა. ქვეყანამ მწვანე სტატუსიდან კვირის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რასაც მთავრობის მხრიდან ლოკდაუნის კიდევ ერთხელ გამოცხადება მოყვა.
კრიტიკოსთა ნაწილი ქვეყანაში ეპიდემიის ხელახალ აფეთქებას სწორედ მთავრობის და ჯანდაცვის მინისტრის არასწორ მენეჯმენტსა და არაპროფესიონალიზმს უკავშირებს.
NCDC-ის მონაცემებით 16 დეკემბერს ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის შედეგად კი 39 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან განიკურნა 2 495 ინფიცირებული.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 29 158 აქტიური შემთხვევაა.