რუსეთის ტიუმენის ოლქიდან მობილიზებული სამხედროების ოჯახებს სახელმწიფომ ცირკის ბილეთები გადასცა.
წარმოდგენა ივნისში არის დაგეგმილი. ბილეთები მიიღეს იმ სამხედროების შვილებმა, ვისი მამებიც უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპნენ.
ტიუმენის რეგიონის სოციალური განვითარების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ბილეთებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური არიგებდა.
მათვე თქმით, სიას თავად სამსახური ადგენდა. ამასთან, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში კომენტარს ამ საკითხზე არ აკეთებენ.
***
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასული წლის 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.
უკვე მიმდინარე წლის 15 მარტს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება არ განიხილება. საერთაშორისო მედიის და ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობას ახალი მობილიზაციის გამოცხადების ეშინია.