აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მხრიდან მიღებული ცეცხლის შეწყვეტის კონტრშეთავაზება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, თუმცა მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის შეთანხმების მისაღწევად.
ტრამპმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა თეთრ სახლში სააღდგომო ღონისძიების დროს ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ვაშინგტონი უკვე გაეცნო თეირანის წინადადებას, თუმცა დამატებითი პირობებია საჭირო.
ამასთან, პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სამშაბათამდე დაწესებული ვადა, რომლის ფარგლებშიც ირანმა ჰორმუზის სრუტე უნდა გახსნას, საბოლოოა და აღარ გადაიდება.
ტრამპის განცხადებით, ირანი მოლაპარაკებებს „კეთილსინდისიერად“ აწარმოებს და ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა „ნაკლებად რადიკალურია“, თუმცა კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი უცვლელია - თეირანს ბირთვული იარაღის ფლობა არ უნდა შეეძლოს.
„ეს კონფლიქტი ერთ საკითხზეა - ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი,“ - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეერთებულ შტატებს შეუძლია ირანის ინფრასტრუქტურას მძიმე ზიანი მიაყენოს.
