საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს დილიდან ტყიბულის ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომლებმა განაცხადეს უარი სამუშაოს შესრულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან გაცემული დაპირებების შეუსრულებლობამ გამოიწვია.
„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მეშახტეებმა გააპროტესტეს კომპანიის მიერ დაგეგმილი დროებითი რეორგანიზაციის პროცესი და რამდენიმე დღის განმავლობაში არ ასრულებდნენ სამუშაოს. სამუშაო პროცესი მას შემდეგ აღდგა, რაც პროფკავშირის კატეგორიული მოთხოვნით რეორგანიზაციის ბრძანებაში მკაფიოდ აისახა საკითხები, რომლებიც ერთის მხრივ უზრუნველყოფენ მეშახტეების შრომით-სამართლებრივი მდგომარეობის დაცულობას და მეორეს მხრივ ანეიტრალებს რეორგანიზაციის დეტალებთან დაკავშირებულ ყოველგვარ ბუნდოვანებას.
თებერვლის საპროტესტო პროცესი დასრულდა კომპანიის დაპირებით იმის შესახებ, რომ პროტესტის გამო გაცდენილი დღეების ნაწილის ანაზღაურება სრულად, ხოლო ნაწილის ანაზღაურება შვებულების ხარჯზე მოხდებოდა, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ კომპანია არ აპირებს 3 გაცდენილი დღის ანაზღაურებას.
პროტესტი ასევე გამოიწვია კომპანიის მიერ გაცემული დაპირების შეუსრულებლობამ, რომელიც ხელფასების ინდექსაციას უკავშირდება. ახალი ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლები როდესაც შახტების ოპერირებას უნდა შედგომოდნენ, ანუ 2019 წლის ოქტომბრიდან, აცხადებდნენ, რომ ითვალისწინებენ პროფკავშირის მოსაზრებას და 2020 წლის 1-ლი იანვრიდან მოახდენენ ხელფასების ინდექსაციას იმდენივე პროცენტით, რამდენსაც დაადგენს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. დეკემბრის ბოლოს საქსტატმა 2019 წლის საშუალო ინფლაცია 4,9%-ით განსაზღვრა და კომპანიამაც განაცხადა, რომ ინდექსაციას მოახდენდა, თუმცა უკანასკნელ დღეებში ეს გადაწყვეტილება შეცვალა და ინდექსაციის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი აცხადებს, რომ მეშახტეები არავისგან არ იმსახურებენ ამგვარ დამოკიდებულებას, მათ გააჩნიათ როგორც წმინდა ადამიანური, ასევე პროფესიული ღირსება და მოუწოდებს კომპანიის ყველა წარმომადგენელს, რომ მეშახტეებთან ურთიერთობის დროს დაემორჩილონ ზნეობრივ და მორალურ საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეშახტეებთან ჯოლექტიურ შრომით ურთიერთობებში ყოფნა მათთვის შეუძლებელი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.