logo
ENG



უგულავა: დიალოგის წინაპირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს

09 ნოე 202020:16
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/18syhdqgkh64flt.jpg

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დიალოგის წინაპირობა უნდა იყოს. 

მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგი არასდროს გამოურიცხავს და მისი საგანი სწორედ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად. 

"პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს წინაპირობაც კი. ადამიანებს რატომ იჭერენ - რომ მერე საგანზე აღარ ელაპარაკონ. დავიჭერ ადამიანს, მერე მოდი, მელაპარაკე იმის გამოშვებაზე, ოღონდ საქმეზე არ მელაპარაკო. მაგრამ ჩვენთვის მორალური საკითხია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ, ეს არის და იქნება უპირობო მოთხოვნა, იმიტომ, რომ ეს არის ინდიკატორი, რომ ნორმალურად იქცევი. 

აბა დღეს როგორი სიტუაციაა - შანტაჟის და ძალადობის ენით გელაპარაკება და რა უნდა უთხრა". - ამბობს უგულავა. 

პოლიტიკური ნიშნით დაკავებულია მთავარი არხის დამფუძნებელი გიორგი რურუა. 

ასვეე, საზღვრის დემარკაციის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. 

რამდენიმე დღის წინ, ისნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე, მასზე მუქარის, იძულების და ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს იმავე კომისიის წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები იმდენად მასშტაბური იყო, რომ გავლენას მოახდენდა მის შედეგებზე. 

იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. ოპოზიცია და მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. 

8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქცია, ქართული ოცნების ხელისუფლების მითითებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა. დაშავდა რამდენიმე რიგითი მოქალაქე, ჟურნალისტი და პოლიციელი. 

დღეს, 9 ნოემბერს 22:00 საათიდან ამოქმედდება კომენდანტის საათი. აკრძალულია ფეხით და მანქანით გადაადგილება, თუმცა, დემონსტრანტები დამორჩილებას არ აპირებენ.


close დახურვა