ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ევროპული საქართველოს წევრის გიგი უგულავას თქმით, პარტიების უმრავლესობა პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. როგორც უგულავა აცხადებს, პარტიებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმუმ ერთი დღე აქვთ:
"პარტიები, ისევე როგორც ამ პარტიებში მყოფი ინდივიდები, ვინც გავიდნენ ნაწილი დღესვეა მზად და თქვა უკვე, რომ არ მიიღებს ამ პარლამენტში მონაწილეობას და არ შევა ამ პარლამენტში. პარტიებმა ზოგადად ამ საკითხზე მაქსიმუმ ერთი დღე აიღეს იმისთვის, რომ შიდა კონსულტაციები ჩატარდეს, მაგრამ ძირითადი უმრავლესობა იხრება იქითკენ რომ არ შევიდეს პარლამენტში და დარჩეს ივანიშვილი საკუთარ თავთან მარტო",-ამბობს უგულავა.
რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, როგორც უგულავა ამბობს, პარტია არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს. მისი თქმით, ევროპული საქართველო მოლაპარაკებებს იმ პარტიებთან გამართვას, ვინც პროპორციული სიით პარლამენტში შედის და საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს საღამოს გამოაცხადებს.
"ევროპული საქართველო ვთვლით, რომ ეს არ იყო არჩევნები, არ ვცნობთ არც უფლებამოსილებას და მაღალი ალბათობით, ვინც სიით გავიდნენ იმ ადამიანებს უნდა დაველაპარაკოთ და საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება. მე პირადად ამ პარლამენტში არ შევიდოდი",-თქვა უგულავამ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უბნების 96.85% აქვს დათვლილი. ცესკოს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,07%, ხოლო ევროპულმა საქართველომ - 3,79%.
ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.
გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერები შემდეგ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიან.