logo
ENG



უდუმაშვილი: ჩათვალეთ, რომ დღეს მთელ საქართველოს მიუშვირეს წყლის ჭავლი

08 ნოე 202022:31
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი სპეცრაზმის მიერ ცესკო-სთან აქციის მონაწილეების დარბევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარის გამო, ხელისუფლება საკადრის პასუხს მიიღებს.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ქართულმა ოცნებამ ასეთი ფორმით უპასუხა საქართველოს ათობით ათას მოქალაქეს, რომლებსაც არჩევნები მოჰპარა.

"ეს არის ხელისუფლების პასუხი იმ ათიათასობით ადამიანს, რომლებიც იდგნენ დღეს რუსთაველის გამზირზე. შესაბამისად, იმ ხალხის პასუხიც იქნება ადეკვატური. ნუ ჩათვლით მხოლოდ იმ ხალხს, რომელიც დღეს ან გაწუწეს ან დააზიანეს წყლის ჭავლით, ჩათვალეთ, რომ დღეს მთელ საქართველოს მიუშვირეს წყლის ჭავლი, იმ ხალხს, ვისაც მოპარეს არჩევნები", - განაცხადა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ უფრო მკაცრ მეთოდებსაც მიმართოს.

"შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც რუსთაველის გამზირზე უმოწყალოდ გვშლიდნენ ხოლმე, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერი არ არის. მაგრამ მინდა გავაფრთხილო ისინი, შარშან ბევრი ასეთი რამ გამოვიარეთ, მაგრამ გავუძელით და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ იმას, რომ დაინიშნა ქვეყანაში არჩევნები იმ სისტემით, რომელიც მისაღები იყო", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა ჯერ წყლის ჭავლი, შემდეგ კი, ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. მომიტინგეებს შორის არიან დაშავებულები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია.

მომიტინგეებმა ცესკო-სთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.


close დახურვა