უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რუსულ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის დაღესტანში მდებარე პროექტ 10410-ის სასაზღვრო საპატრულო ხომალდს.
ინფორმაციას მედია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურზე რობერტ ბროვდიზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც აღნიშნავს, რომ დარტყმა განხორციელდა დაღესტნში, კასპიისკში, პროექტ 10410-ის სასაზღვრო საპატრულო ხომალდზე, ასევე ლუგანსკის ოლქის ზახიდნეს დასახლებაში Tor-M2 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე, ყირიმში - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სტრატეგიული საკომუნიკაციო ცენტრზე, დონეცკის ოლქში, ფიოდოროვკაში, განადგურდა საწვავ-საპოხი მასალებით დატვირთული მატარებელი, შახტარსკში - რუსული ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი შემადგენლობის შეკრება, პოკროვსკში - 51-ე არმიის მე-9 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამეთაურო პუნქტი, დასახლებულ პუნქტ სელიდოვოში - უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტი და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების საწყობი, ხოლო ბუნგეში - სამეთაურო პუნქტი. გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანდა საპორტო ამწეები და სატელეკომუნიკაციო ანძები.
ასევე, 17 მაისის ღამეს უკრაინამ მოსკოვის ოლქზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, რუსი ოფიციალური პირებისა და ადგილობრივი ცნობების მიხედვით, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები 16 მაისის საღამოდან იგერიებდნენ უკრაინულ შეტევას, რომელიც 17 მაისის გამთენიის საათებშიც გაგრძელდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ სოციალურ ქსელში იერიშის ამსახველი კადრები გაავრცელა.
მიმდინარე იერიშებზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
"რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა და მოსახლეობაზე განხორციელებულ თავდასხმებზე ჩვენი პასუხები სრულიად გამართლებულია. ამჯერად უკრაინულმა შორი მოქმედების სანქციებმა მოსკოვის რეგიონამდეც მიაღწია და ჩვენ რუსებს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ მათმა სახელმწიფომ თავისი ომი უნდა დაასრულოს. უკრაინელი დრონებისა და რაკეტების მწარმოებლები აგრძელებენ მუშაობას. მადლობელი ვარ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენლის მათი სიზუსტისთვის. მოსკოვის რეგიონში რუსული საჰაერო თავდაცვის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია, მაგრამ ჩვენ მათ მაინც ვძლევთ. დიდება უკრაინას", - დაწერა ზელენსკიმ.
