logo
ENG



უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბლინკენსა და ლავროვს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

29 ივლ 202222:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/29/w74ifp3p5bq99yn.jpg

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, საუბარი პირდაპირი იყო.

"მე მოვუწოდე კრემლს, რომ მიიღოს შეთავაზება პოლ უილანისა და ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამასთან, ხაზი გავუსვი, რომ მსოფლიო ელოდება რუსეთისგან შეთანხმების შესრულებას, რომელიც მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეულ იქნა უკრაინასთან, თურქეთთან და გაეროსთან", - განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, სერგეი ლავროვს უთხრა, რომ მსოფლიო არასდროს მიიღებს უკრაინის ანექსიას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ "სპეცოპერაციის" მიზნებს ბოლომდე მიყვებიან, ხოლო მარცვლეულის ექსპორტის საკითხს "ამერიკული სანქციები ართულებს".

2020 წლის ზაფხულში პოლ უილანს ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაც შეეხება კალათბურთელ, ბრიტნი გრაინერს ის მიმდინარე წლის თებერვალში ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით აეროპორტში დააკავეს. მის ბარგში ჰაშიშის ზეთი აღმოაჩინეს.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-მ რუსეთს შესთავაზა, ამერიკელი მოქალაქეები გაცვლონ ვიქტორ ბუტში, რომელსაც იარაღის გავრცელების ბრალდებით 25 წელი მიუსაჯეს.


close დახურვა