logo
ENG



უკრაინა: დონეცკის ქალაქი ბახმუტი რუსული ძალების თავდასხმის ქვეშ იმყოფება

19 მაი 202215:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/19/e74qb20mx7jop81.jpg

უკრაინის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი ცენტრია, რუსული სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმა მოხდა ქალაქზე, სადაც დაახლოებით 20 000 ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს.  

კირილენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და საოფისე შენობა დაინგრა, ნანგრევებიდან ექვსი ადამიანია გამოყვანილი.

"რუსები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სროლას აგრძელებენ, მაგრამ დროული ევაკუაცია საშუალებას გვაძლევს ასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ბახმუტის 73 000 მოსახლედან ახლა ქალაქში 20 000-ზე ცოტა მეტია დარჩენილი, რისი წყალობითაც ჩვენ შეგვიძლია მსხვერპლის რაოდენობა, რომელსაც მტერი ელის, თავიდან ავიცილოთ.

კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, დატოვოს დონეცკის რეგიონი. ახლა დონეცკის რეგიონში უსაფრთხო ადგილები არაა,” - განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 231 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა