უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის დირექტორატი აცხადებს, რომ რუსული სპეციალური ძალების დანაყოფმა, რომელსაც სირიაში ბრძოლის გამოცდილება აქვს, მთლიანად თქვა უარი მარიუპოლზე შეტევაში მონაწილეობაზე.
უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში 2-4 აპრილს, ამ დანაყოფმა 30 სამხედრო დაკარგა. სწორედ ამის გამო მათ გადაწყვიტეს, რომ მარიუპოლზე კიდევ ერთხელ თავდასხმა არ სცადონ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთში ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში წასვლის ინტერესიც დაბალია. ამის დასტურად უკრაინის უწყებას რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის მონაცემები მოაქვს.
„ქალაქ ეკატერინბურგიდან მიღებული ჩარიცხვის შედეგებზე ანგარიშის მიხედვით, რეზერვში მყოფი მოქალაქეების 1%-ზე ნაკლები დათანხმდა კონტრაქტზე ხელმოწერის შესაძლებლობის უბრალოდ განხილვას.
397 კანდიდატიდან, მხოლოდ 2 დათანხმდა გასაუბრებას, 52-მა უარი თქვა, 203 არ გამოეხმაურა, 140 კანდიდატზე კი მუშაობენ“ - წერია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დირექტორატი აცხადებს, რომ რუს სამხედროებში საბრძოლო სულისკვეთება დაბალია. რასაც მოწმობს რუს სამხედროებში ბრძოლის თავიდან აცილების მიზნით მიღებული თვითდაზიანებები.
„კონკრეტულად 7 მარტს რუსი დაჭრილი სამხედროებით სავსე ორი PAZ მარკის ავტობუსი ლუგანსკის მიმართულებით წაიყვანეს. მათ უმეტესობას ჭრილობა ფეხზე აქვს. ექიმების ინფორმაციით, ამგვარი ჭრილობების მიღების ყველაზე სავარაუდო მიზეზი თვითდაზიანებაა, რისი მიზანიც საბრძოლო ზონაში დაბრუნებისგან თავის არიდებაა.“ - აცხადებს დაზვერვის დირექტორატი.