უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ძალები მარიუპოლზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს აგრძელებენ, აზოვსტალის ქარხანასთან კი უკრაინულ შენაერთებს ბლოკავენ.
უკრაინის ცნობით, აზოვსტალი რუსული ძალების მხრიდან დაახლოებით ორი თვეა, რაც მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფება. მაშინაც კი, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა სავარაუდოდ უკვე ევაკუირებული იყო, უკრაინელი მებრძოლები მტრის მოგერიებას აგრძელებდნენ.
"ქალაქზე სრული კონტროლის დასამყარებლად და უკრაინელი დამცველების წინააღმდეგობის ჩასახშობად რუსეთი სტრატეგიულ ავიაციას იყენებს. ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში სროლის გაზრდა უნდა იყოს მოსალოდნელი,” - განაცხადეს გენერალურ შტაბში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსმა სამხედროებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.