logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: ცხინვალის საბატალიონო-ტაქტიკურმა ჯგუფმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა

31 მარ 202214:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/jbwzj22lcrc70em.jpg
Reuters

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური დაზვერვაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილმა საბატალიონო-ტაქტიკურმა დანაყოფმა თითქმის სრული შემადგენლობით თქვა უარი უკრაინაში ბრძოლაზე.

აღსანიშნავია, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის ტელეგრამ არხებით გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მე-4 გვარდიის სამხედროების ნაწილი საბრძოლო ზონიდან უკან დაბრუნდა.

„რამდენიმე დღის წინ, საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის თითქმის მთელმა პერსონალმა (ორი მოტორიზებული იარაღის დანაყოფი და ნაღმმტყორცნელთა დანაყოფი), რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-4 სამხედრო ბაზაზე შეიქმნა (სამხედრო დანაყოფი 66431, ცხინვალი, სამხრეთ ოსეთი) და ჩართული იყო დონეცკის მიმართულებით ბრძოლაში, უარი განაცხადა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაზე“, - აცხადებს სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური. 

მათი ცნობით, 29 მარტს საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი ორგანიზებულად გადაიყვანეს როსტოვში, კუზმინსკის სამხედრო ბაზაზე, სადაც ჰქონდათ გასაუბრება 58-ე დანაყოფის მეთაურის სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში მოადგილესთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ მეთაურის მოწოდებები საქმის შესრულების შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე მასობრივი უარი გრძელდება.

მათი ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც უარს იტყვის უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუმცა მასობრივი უარის შემთხვევაში მათ უწევთ დისციპლინური სანქციებით შემოიფარგლონ.


close დახურვა