logo
ENG



უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილზე: შემიძლია დავაფიქსირო, სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევა

27 ოქტ 202114:33
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა იკვეთება.

დენისოვამ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე ციხეში მოინახულა. კიევში გამგზავრებამდე მასთან შეხვედრას ის აღარ აპირებს. 

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ლუდმილა დენისოვამ ჟურნალისტებთან კვლავ გაიმეორა მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომ ის უარს ამბობს მე-18 პენიტენციურ დაწესებულების კლინიკაში გადასვლაზე. უკრაინის ომბუდსმენი ითხოვს, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. 

"იქიდან გამომდინარე, თუ რა თქვა საქართველოს ომბუდსმენმა და რა თქვა თვითონ მიხეილ სააკაშვილმა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა არ გადავიდეს იმ საავადმყოფოში, რომელიც არ არის ადაპტირებული დახმარების გასაწევად ისეთი პაციენტისთვის, როგორიც ის დღეს არის, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს შეთანხმება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და ვივამედს შორის, მივმართავ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სწორედ ამ კლინიკაში გადაიყვანონ. ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 600 მსჯავრდებულს მსგავსი დახმარება სწორედ ამ ცენტრში გაუწიეს", - განაცხადა დენისოვამ.

გარდა ამისა, უკრაინის ომბუდსმენი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მიმდინარე სასამართლო საქმეების საჯაროდ განხილვის უფლება ირღვევა. რაც შეეხება იძულებით კვებას, დენისოვა განმარტავს, რომ თუ პენიტენციური სამსახური ასეთ გზას მიმართავს, ამ შემთხვევაშიც ადამიანის უფლებათა კონვენციით პატიმრის უფლებები დაირღვევა.

"შემიძლია დავაფიქსირო, რომ სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევა, უშუალოდ სამედიცინო მომსახურების, საპროცესო უფლებების, რწმენის თავისუფლების კუთხით, რადგან მოჰყავთ ის სასულიერო პირები, რომლებიც უნდათ და არა ისინი, ვისთანაც თვითონ მიხეილ სურს შეხვედრა. უკრაინაში ჩასვლისთანავე, ამას ყველაფერს მივიტანთ ევროპელ ელჩებთან. ჩემს დასკვნას დავწერ ევროპარლამენტში, ის, რაც დავინახე", - განაცხადა დენისოვამ.

მისივე თქმით, საქართველოს სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრასაც აპირებს და ერთობლივ პოზიციას ჩამოაყალიბებენ. დეინოსას ამბობს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ციხეში ნანახის შესახებ მისწერს. 

გარდა ამისა, სააკაშვილის საკითხზე ის უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრასაც გეგმავს. 


close დახურვა