უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის განცხადებები უკრაინისადმი “პათოლოგიური ზიზღის დემონსტრაციაა” და უკრაინის დამარცხების შემთხვევაში რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე უნგრეთი აღმოჩნდება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უნგრულ გამოცემა Magyar Nemzet-თან ორბანის ინტერვიუს მოჰყვა, სადაც პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ "უკრაინელებს მანამდე შეუძლიათ ბრძოლა, ვიდრე მათ აშშ იარაღითა და ფულით ეხმარება" და “თუ ამერიკელებს სურთ მშვიდობა, მაშინ იქნება მშვიდობა”.
მანამდე ვიქტორ ორბანმა გაიმეორა, რომ მისი აზრით, უკრაინაში მშვიდობას ყველაზე მეტად რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები წაადგება.
უკრაინა აცხადებს, რომ უნგრეთის ლიდერს თუ მშვიდობა სურს მან კრემლთან ახლო კავშირები უკრაინაში რუსეთის აგრესიის შეჩერებისთვის უნდა გამოიყენოს.
“უნგრეთის პრემიერმინისტრის განცხადებები პათოლოგიური ზიზღის დემონსტრაციაა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი, ვინც რუსეთის აგრესიას, ასევე მის პოლიტიკურ ახლომხედველობას ეწინააღმდეგებიან. საბოლოოდ, ომში უკრაინის დამარცხება, რომლისკენაც ორბანი ირიბად მოუწოდებს, მიგვიყვანს უნგრეთისა და უნგრელებისადმი რუსული აგრესიის პირდაპირ საფრთხემდე.
უნგრეთის ლიდერმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, სურს თუ არა მშვიდობა. თუ პასუხია დიახ, მაშინ მან მოსკოვთან ახლო კავშირები უნდა გამოიყენოს, რომ შეაჩეროს უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესია და გაიყვანოს სამხედროები” - წერია განცხადებაში.
ორბანმა ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ კითხვაზე უნგრეთი ისტორიის კარგ თუ ცუდ მხარესაა, მისი პასუხია, რომ “ისტორიის უნგრულ მხარესაა”.
ორბანის თქმით, ისინი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიან და მათი “ინტერესი სუვერენულ უკრაინის გადარჩენა” და ასევე მათი ინტერესია, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნიდეს.
“თუმცა ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან ყველა ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის დათმობის ინტერესი. ამ საკითხებს ჩვენ უნგრული და არა სხვისი ლინზიდან ვუყურებთ” - განაცხადა ორბანმა.