logo
ENG



უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

23 თებ 202214:21
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს მთელ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა.

ახლა ამ გადაწყვეტილებას უმაღლესმა რადამ უნდა დაუჭიროს მხარი.

UNIAN-ის ცნობით, უკრაინის საზღვრებთან ჯერ კიდევ 200 000-მდე რუსი ჯარისკაცია. მათი რაოდენობა ბოლო რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო გაიზარდა. 

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა ევროკავშირმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება. აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.

რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. 

სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტზე - VEB და სამხედრო ბანკს. ასევე შავ სიაში მოხვდებიან რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები.

გარდა ამისა, რუსეთს შეეხება კანადის, იაპონიისა და ავსტრალიის სანქციები. 

 

 


close დახურვა