დონეცკის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის 8 დასახლება დაბომბეს. მათ შორის ავდეევკა, ბახმუტი, გორნიაკი, კურახოვო, ველიკა ნოვოსელკა, ბერდიჩი, კამენკა და დრუჟბა.
პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსული დაბომბვის შედეგად 11 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, არიან დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები. სოფელ კამენკაზე საჰაერო დარტყმა დაფიქსირდა, ავდევკაზე კი 11 დარტყმა განახორციელეს.
დღეს დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ ბოლო ერთ დღეში დონეცკის ოლქში რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 2 ბახმუტში, 1 ავდიივკაში და 1 კონსტანტინოვკაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.