უკრაინის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში აფეთქებების ხმები ისმოდა, ბელბეკის აეროდრომთან კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.
ინფორმაცია პირველად ამის შესახებ ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, მოგვიანებით კი სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა დაადასტურა, რომ ბელბეკის აეროდრომთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა. ამასთან, უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, აფეთქებების ხმები სევასტოპოლში, ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედეროვაკში ისმოდა.
რუსების მიერ ოკუპირებულ ყირიმში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ისმის აფეთქებების ხმები. 18 აგვისტოს აფეთქებები რუსეთის უდიდეს ავიაბაზასთან, ბელბეკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე მოხდა. 20 აგვისტოს კი უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა მოხდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სევასტოპოლში.