logo
ENG



უკრაინული დრონების დარტყმის გამო ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაჩერდა

13 აგვ 202614:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/13/iu3xyh9c4284o8b.jpg

უკრაინული დრონების მიერ მიყენებული იერიშიდან მესამე დღეს, რუსეთის ორენბურგის ოლქის ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, რომ ქალაქ ორსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში „რთული სიტუაციაა“ და საწარმოს მუშაობა სრულად შეჩერდა.

ორენბურგის ოლქის გუბერნატორმა ევგენი სოლნცევმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა იმპორტირებული დანადგარები, რომელთა აღდგენაც მოქმედი საერთაშორისო სანქციების პირობებში უახლოეს პერიოდში შეუძლებელია. მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები, შესაძლოა, ექვს თვემდე გაჭიანურდეს, რის გამოც რეგიონში „ყველაზე ცუდი სცენარისთვის“ ემზადებიან და საწვავის სხვა რეგიონებიდან შემოტანას გეგმავენ.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზს“ 11 აგვისტოს დაარტყეს. აღნიშნული ობიექტი რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია — მას წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელსა და მაზუთს აწარმოებს. სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით საწარმოს გაჩერების შესახებ ჯერ კიდევ 12 აგვისტოს იუწყებოდა.

მოვლენების პარალელურად, ორენბურგის ოლქში საავტომობილო საწვავის გაყიდვა მკვეთრად შეზღუდეს. ავტოგასამართ სადგურებზე ამოქმედდა ახალი წესი, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებზე საწვავი ავტომანქანების სანომრე ნიშნების კენტი და ლუწი ციფრების მიხედვით, დღეგამოშვებით გაიცემა. ლიმიტით განსაზღვრულია მაქსიმუმ 30 ლიტრი ბენზინი და 60 ლიტრი დიზელი უშუალოდ ავზში ჩასასხმელად, ხოლო კანისტრებით საწვავის გაყიდვა სრულად აიკრძალა.

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე უკრაინული ძალების ინტენსიური იერიშების გამო, საწვავის დეფიციტი და მსგავსი შეზღუდვები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უკვე რამდენიმე თვეა მოქმედებს.


close დახურვა