უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას გამორიცხავენ.
„ბუდაპეშტს არ სურს იარაღის ან ჯარის გაგზავნა კიევში. მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცეა“, - ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„ევროპისა და NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ გაგზავნილი ჯარები უკრაინის მიწაზე არ განთავსდებიან“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი.
დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
მოგვიანებით, კრემლში განაცხადეს, რომ თუ NATO უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, რუსეთთან შეტაკება გარდაუვალი იქნება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, NATO-ს წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკება ალიანსის ინტერესებში არ შედის.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.
უკრაინაში ჯარების გაგზავნას არც ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრები გეგმავენ.