ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრების თქმით, უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავენ.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ უკრაინის მხარდაჭერის გზები, რომელიც რუსეთის აგრესიის შემდეგ დავიწყეთ. მივიჩნევ, რომ ჩვენ არ გვჭირდება სხვა მეთოდების ან გზების გახსნა", - აცხადებს ჩეხეთის პრემიერი, პეტრ ფიალა.
"პოლონეთი უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ვფიქრობ, არ ღირს სპეკულირება იმაზე, იქნება თუ არა გარემოებები, რომლებიც ამ პოზიციის შეცვლას გამოიწვევს", - ამბობს პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი.
სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინაში ჯარების გაგზავნა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. ამის შესახებ მან პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის წინ თქვა.
დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
მოგვიანებით, კრემლში განაცხადეს, რომ თუ NATO უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, რუსეთთან შეტაკება გარდაუვალი იქნება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, NATO-ს წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკება ალიანსის ინტერესებში არ შედის.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.