logo
ENG



უნებართვო მშენებლობა ქობულეთში - ბიზნესმენს, სავარაუდოდ, ივანიშვილის ოჯახი მფარველობს

23 მაი 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

რა ხდება მაშინ, როდესაც ბიზნესმენს, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მფარველობს? ქობულეთის მცხოვრები ლალი მანაგაძე საკუთარ მეზობელს უშედეგოდ ედავება.

მანაგაძე გვიყვება, რომ მისი მეზობელი უნებართვოდ აშენებს ხუთსართულიან შენობას. ამისთვის მან გამყოფი ღობე დაუკითხავად მოხსნა და მის ნაცვლად ბეტონის კედელი ააშენა, მშენებლობისას კი ლალი მანაგაძის ქონება დააზიანა. მან ქობულეთის მერისგან გარანტია მიიღო, რომ უკანონო შენობის დემონტაჟი მოხდებოდა, თუმცა როგორც კი ლალი მანაგაძემ საქართველო დატოვა, მშენებლობა ისევ გაგრძელდა. მანაგაძე დარწმუნებულია, რომ მის მეზობელს ხელს აფარებენ, რადგან ახლო ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილთან და მის ძმასთან - ადიკო ივანიშვილთან. ლალი მანაგაძე პასუხისმგებლობას ქობულეთს მერსაც აკისრებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე სწორედ ამ უკანონო მშენებლობის გამო, სასტუმროს პატრონი გია ბოლქვაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული, შემდეგ კი გირაოთი გათავისუფლდა. ის არც სასამართლოს განჩინებას ემორჩილება, რომლის მიხედვითაც მშენებლობა უნდა შეეჩერებინა. თუმცა კიდევ უფრო მწვავე ბრალდებებზე ლაპარაკობს მოდავე მხარის ადვოკატი. პაატა შავაძე გვიყვება, რომ გია ბოლქვაძე ლალი მანაგაძის შვილს ემუქრებოდა და სდევნიდა. ამ დარღვევებზე კი არცერთი შესაბამისი უწყება არ რეაგირებდა. 

უნებართვო მშენებლობის გამო პროცესი ბათუმის სასამართლოში ისევ გრძელდება. ახლა შენობის დემონტაჟის საკითხი და მატერიალური ზარალის ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს. 


close დახურვა